რამდენი სოციალურად დაუცველი დასაქმდა საქართველოში

დასაქმებული 12,6 ათასიდან 992-მა სამუშაო მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში, ხოლო დანარჩენებმა – მუნიციპალიტეტების ორგანოებში.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 12,6 ათასი ადამიანი დასაქმდა, აღნიშნულია 2022 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შრომისუნარიან პირებს 18 წელს ზემოთ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 12,6 ათასს მიაღწია.
სისტემაში სულ დარეგისტრირებულია სამუშაოს მძებნელი 42,9 ათასი ადამიანი. 30 ივნისისთვის სახელმწიფომ 23,7 ათასი ვაკანსია წარმოადგინა.
დასაქმებულებიდან 992-მა სამუშაო მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში, ხოლო დანარჩენებმა – მუნიციპალიტეტების ორგანოებში.
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი ვაკანსიების დიდი ნაწილი გაფორმდა სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.
დასაქმების პროგრამა
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
შშმ პირებიც დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 1 აპრილისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 19,6% იყო.