პარტიას „საქართველოსთვის“ ხობში ორი დეპუტატი გამოაკლდა

დეპუტატები გახარიას პარტიიდან „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ადგილობრივ სათათბირო ორგანოში – ხობის საკრებულოში ოთხი დეპუტატიდან ორი დაკარგა, ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ხობში პარტიას ოთხი დეპუტატი ჰყავდა, რაც პარტიას ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა.

„დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა. ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაპირდნენ, ხოლო მეორეს, მაკა ჩარტიას – უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ორივე დეპუტატი პარტიიდან გაირიცხა.
„პარტიის „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს წევრები ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხნენ“, – განაცხადა სიჭინავამ.
პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის მაისში დააფუძნა გიორგი გახარიამ, რომელმაც მანამდე, თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. პირველივე არჩევნებზე პარტიამ მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მანდატი მოიპოვა.