თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულს დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.
აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1.500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა იმავე დღეს გადასცა დაკავებულს, 200 ლარი – შუამავალს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.
უწყების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.
წყარო - სუსი