თბილისში პენსიონერები აუზზე უფასოდ სიარულს შეძლებენ

დამზადებულია რამდენიმე ასეული აბონემენტი „გლდანი-ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრში“.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის 60 წლისა და უფროსი ასაკის მცხოვრებთათვის დააფინანსებს აუზისა და ფიტნეს დარბაზის საფასურს, ნათქვამია თბილისის საკრებულოს დადგენილებაში.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია „გლდანი-ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“, რომელიც თემქაზე მდებარეობს.
ხელმისაწვდომია სულ 300 აბონემენტი. აბონემენტის მისაღებად საჭიროა ცენტრში პირადობის მოწმობის, თბილისში რეგისტრაციის ცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, მათ რიგში ჩასვამენ.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.
წყარო - საკანონმდებლო მაცნე