თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით საკუთრებაში დაირეგისტრირეს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4.318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656.295 ლარია.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
„მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება.
ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.