500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდება

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
დავითაშვილის თქმით, დევნილები ბინებს მიიღებენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, მარტვილში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, მცხეთასა და საქართველოს სხვა რაიონებში.

„ამასთან, ჩვენ გვყავს 75 დევნილი ოჯახი, რომელთაც 11 ამხანაგობის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები დაუკანონდათ, ხოლო 83 ოჯახს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუკანონდა“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.

მინისტრის თქმით, ისინი აღნიშნული ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.