თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
ქართველმა გოგონებმა უკრაინის ნაკრების მსგავსად 18 ქულა დააგროვეს, მაგრამ უკრაინელი გოგონები დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში ანგარიშით 3:1 აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა. ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ მატჩები გამარჯვებით დაასრულეს, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ქულები თავის მეტოქეებთან გაიყვეს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტური ეგვიპტესთან ყაიმით 2:2 დაასრულა და 14 ქულით შემაჯამებელი 23-ე ადგილი დაიკავა (188 გუნდს შორის). ჩემპიონი მამაკაცთა შორის უზბეკეთის გუნდი გახდა.
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში, რომელიც 28 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდა, 188 ვაჟთა და 162 ქალთა გუნდი მონაწილეობდა.