საქართველოს მთავრობამ რუსეთისთვის ქართველი სამხედროს შესახებ ინფორმაციის გადაცემა უარყო

უთანხმოება ხელისუფლებასა და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შორის უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივიდან რუსული მხარისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ – დეზინფორმაციაა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.
ნიკა მელიამ მთავრობა მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც რუსულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ქართველი სამხედრო მოსამსახურის მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე. მელიამ საქართველოს ხელისუფლებას უწოდა კოლაბორაციონისტები, რომლებიც „სამშობლოს ყიდიან“.

„ეს არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

მიხეილ ქამხაძე თადარიგის ოფიცერია. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და ამჟამად უკრაინაში იბრძვის.
უთანხმოება ხელისუფლებასა და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შორის უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან უკრაინის მოვლენების გამო სანქციები არ დაუწესა რუსეთს და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ორგანიზაცია არ გაუწია. თავის მხრივ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი მომხრეები ქვეყნის ომში ჩათრევას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობს.
ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას, მაგრამ საქართველო თავის სანქციებს არ აწესებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.