თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. შვეიცარიის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო კონგლომერატი Credit Suisse-ის ტრასტები, რომელთანაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სასამართლო დავა აქვს, არც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებს, ნათქვამია საადვოკატო კანტორა MKD Law-ს განცხადებაში.
ივანიშვილმა კუნძულ გერნსის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს ტრანზაქციის განხორციელება ოთხი თვის წინ დაავალა, ხოლო მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში დაფუძნებულ Mandalay Trust-ს კი ორი თვის წინ.
„საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს“, – ნათქვამია MKD Law-ს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, Credit Suisse პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში.
ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი ქვედანაყოფების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს.
ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის გამო ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში – Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებული Green Vals Trust-ის სატრასტო ფონდების უარზე, რომ განახორციელოს 4 მარტიდან მოთხოვნილი გადახდები. ივანიშვილმა ტრასტზე სარჩელი მაისის დასაწყისში შეიტანა.
Credit Suisse-ის ანგარიშებზე, რომლებიც ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის, საერთო დანაკარგები 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
საქმე Credit Suisse Life-ის წინააღმდეგ
რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა.
მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.
უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life-ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.
Credit Suisse Life-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.
ივანიშვილი VS ტრასტები
მაისის დასაწყისში ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.
აღნიშნული ფინანსური აქტივები თავიდან Credit Suisse-ში იყო განთავსებული, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ კი ივანიშვილმა მათი სხვა ბანკში გადატანა გადაწყვიტა. თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, აღნიშნული ფინანსური აქტივები კვლავ Green Vals Trust-ის მართვის ქვეშ დარჩა.
ეს თანხა სადავო არ არის არც ბერმუდებზე, არც სინგაპურში, არც შვეიცარიაში, შესაბამისად, როგორც ივანიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, ივანიშვილს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, Green Vals Trust-მა თანხებზე წვდომა ივანიშვილს მთლიანად შეუზღუდა.
რაც შეეხება სატრასტო კომპანია Mandalay Trust-ს, იგი ივანიშვილის აქტივებს უშუალოდ ბანკ Credit Suisse-ში მართავს.
როდესაც ბერმუდებზე სასამართლო დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს შეუძლია თანხების განკარგვა, მაგრამ მიუხედავად საქართველოს ექს-პრემიერის არაერთი მოთხოვნისა, Mandalay Trust თავს იკავებს თანხების გადარიცხვაზე.
ივანიშვილმა Mandalay Trust-ის წინააღმდეგ სარჩელი სინგაპურის სასამართლოში შეიტანა.