თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ სოფელ ტბასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა, მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
„სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, რამდენიმე რეისი გააკეთა, ბოლოს რა მოხდა, არ ვიცით. მარტო იყო მანქანაში, „ენერგო–პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მუშაობდნენ ახლოს და მათ დაინახეს", – განაცხადა სოფელ ტბის დეპუტატმა მამუკა ლურსმანაშვილმა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 65 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. მას ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო - „სამხრეთის კარიბჭე“.