ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: 80 წლის ექიმს პატიმრობა შეეფარდა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ინციდენტი პარასკევს, 5 აგვისტოს მოხდა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. თბილისის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ექიმს თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დღეს გამართულ სხდომაზე გამოიტანა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, დაცვის მხარემ კი მისი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რატომ ესროლა ექიმმა-ვენეროლოგმა საავადმყოფოს დირექტორს: ადვოკატი>>>
როგორც ბეჟანიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა აღნიშნა, რომ დანაშაულისკენ მისმა უფროსმა უბიძგა. ბეჟანიძის თქმით, მას გიორგი გალდავას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

„დამნაშავედ ვგრძნობ თავს… მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა. გავისროლე, იგი (გიორგი გალდავა) ადგა და მხარში მოხვდა. 1,5 მეტრში ვიყავი და არ ავაცილებდი, განზრახ მოკვლა რომ მქონოდა დაგეგმილი“, – განაცხადა პროცესზე ბეჟანიძემ.

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ინციდენტი პარასკევს, 5 აგვისტოს მოხდა. თბილისში ცნობილმა ექიმმა, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ სიტუაციის გარკვევა კლინიკის დირექტორ გიორგი გალდავასთან გადაწყვიტა. სამსახურში აღდგენაზე უარის შემდეგ ბეჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კლინიკის დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
გალდავა მხრისა და მუცლის არეშია დაჭრილი. ის ვენდისპანსერის ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.
ბრალდებული ექიმი სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 აგვისტოს, გვიან საღამოს დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე პუნქტით (მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბრის 11:00 საათზე ჩაინიშნა.