საქართველოში შეიძლება სამხედრო მუზეუმი გაიხსნას

ინიციატორების გათვლით, მუზეუმის შესაქმნელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23,8 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ქვეყანაში სამხედრო მუზეუმის შექმნის წინადადებით გამოვიდნენ.
კანონში „მუზეუმების შესახებ" წარმოდგენილი შესწორებების თანახმად, 2025 წლისთვის საქართველოში გაჩნდება სამხედრო მუზეუმი, რომელიც განთავსდება შენობაში ან ღია ცის ქვეშ და სადაც გამოიფინება სამხედრო წარსულთან ან საქართველოს თავდაცვის ძალების ტექნიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მასალები და საგნები.
ინიციატორების ვარაუდით, მუზეუმის შესაქმნელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23,8 მლნ ლარის გამოყოფა იქნება საჭირო.
ამასთან, ისინი გამოდიან წინადადებით, თანხა მუზეუმისთვის გამოიყოს თანდათანობით, ტრანშების სახით 2028 წლამდე.
საქართველო უპილოტო საფრენ აპარატებს გამოუშვებს>>
დეპუტატების მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მუზეუმის საგამოფენო დარბაზები განლაგებული იქნება 1-1,2 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. მუზეუმში ასევე იქნება საცავი, კაფე, მედიათეკა და დარბაზი ლექციებისთვის.
ინიციატორების გათვლით, მუზეუმის პროექტის შექმნას 80 ათასი დოლარი დასჭირდება, ხოლო მშენებლობას – 4,5 მლნ დოლარი, კიდევ 300 ათასი – მუზეუმის კოლექციის შერჩევას.
ასეთი მუზეუმის შენახვას წელიწადში 398,5 ათასი ლარი დასჭირდება, კიდევ 384 ათასი წელიწადში 27 თანამშრომლის ხელფასებზე იქნება საჭირო.