ხარაგაულში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

დეპარტამენტის ცნობით, ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ხარაგაულში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ბორითში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 34 კუბური მეტრი ფიცარი.
ასევე სოფელ საბეში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის, დაუფირნიშებელი 22 ერთეული მორი.
უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
შესაბამისად, ეტაპობრივად აიკრძალება ე.წ. სოციალური ხეტყის გაჩეხა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებლებს შეეძლოთ ლიცენზიის აღება ხეტყის გაჩეხაზე გათბობის ან სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.