ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: 80 წლის ექიმს ბრალი წარედგინა

ბრალდებული ფაქტს აღიარებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად აღწერს მომხდარს, განაცხადა ადვოკატმა
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. თბილისის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხანდაზმულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელმაც დაწესებულების დირექტორი, გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე.
ინციდენტი პარასკევს, 5 აგვისტოს მოხდა. თბილისში ცნობილმა ექიმმა, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ შეიტყო თავისი გათავისუფლების შესახებ და განმარტებებისთვის დირექტორის კაბინეტს მიაშურა. სამსახურში აღდგენაზე უარის შემდეგ მან დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც თან ჰქონდა. ტყვია გალდავას მხარში მოხვდა. ინციდენტის შემდეგ მსროლელმა კლინიკა დატოვა და იარაღი მოიშორა.
„ადრე მიცემულ ჩვენებას ის მთლიანად დაეთანხმა, დაადასტურა, რომ მის მიერ მოხდა ამ გასროლის განხორციელება, თუმცა ამბობს, რომ მას არ სურდა გალდავას მოკვლა, უბრალოდ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ მისი შეშინების მიზნით. გასროლა განხორციელდა ერთხელ“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, კახა შონიამ.
მისი თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად აღწერს მომხდარ ინციდენტს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე პუნქტით მიმდინარეობს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.