თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. დაბა ურეკში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 6 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი თავისი მართვის ქვეშ მყოფი Hyundai Elantra-ს მარკის მანქანით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
დაშავებული მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, დაშავებული 18 წლის გოგონაა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა