თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული გემების მორიგმა ჯგუფმა სტამბულის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინის პორტები დატოვა და გეზი სტამბულისკენ აიღო, იუწყება თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.
„გემს Mustafa Necati 6 ათასი ზეთი გადააქვს და ის იტალიაში მიემართება. Star Helena, რომელიც 45 ათასი ტონა მზესუმზირას მარცვლით არის დატვირთული, ჩინეთში მიცურავს. ხომალდი Glory 66 ათასი ტონა სიმინდით ბორტზე სტამბულს უახლოვდება. Riva Wind, რომელიც 44 ათასი ტონა სიმინდითაა დატვირთული, ისკენდერუნში მიემართება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გემები ღუზაზე დადგებიან სტამბულის ჩრდილოეთით, სადაც მათ ინსპექტირებას ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.
ამასთან, პირველი გემი, რომელმაც უკრაინა „სასურსათო გარიგების“ ფარგლებში დატოვა, 9 აგვისტოს უნდა მიაღწიოს დანიშნულების პუნქტს - ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის.
უკრაინული მარცვლეულის ზღვით გატანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა 22 ივლისს ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტისგან შემდგარ პაკეტს. პირველი დოკუმენტი შეიცავს გაეროს ვალდებულებას, მოხსნას სხვადასხვა შეზღუდვა რუსული სასოფლო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტზე მსოფლიო ბაზრებზე. მეორე უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შავი ზღვის სამი პორტიდან (ოდესის ჩათვლით) ჰუმანიტარული დერეფნით უსაფრთხო გატანის ალგორითმს ადგენს.