თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ სეზონს გახსნის ოპერით „აბესალომ და ეთერი“

„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც პეტრე მირიანაშვილმა შექმნა
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 171-ე სეზონს ტრადიციულად ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გახსნის, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონცერტები 23 და 24 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე შექმნა პეტრე მირიანაშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით.
საინტერესო ფაქტი: კომპოზიტორმა მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი იმუშავა. ეს იყო ქართული მუსიკის ფანტასტიკური ზეიმი. ტრადიციულ საოპერო სცენაზე, სადაც აქამდე მხოლოდ ევროპელი და ზოგჯერ რუსი კომპოზიტორების ოპერები იდგმებოდა, სიცოცხლე შეიძინა ქართულმა. პრემიერის დღეს ოპერას დირიჟორობდა თავად ზაქარია ფალიაშვილი.