თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ხორვატიაში, ვარაჟდინის ოლქში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა, განაცხადა ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დავორ ბოჟინოვიჩმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ავტობანზე, ზაგრების მიმართულებაზე მძიმე ავარია დილით ადრე მოხდა. პოლონური ნომრების მქონე ავტობუსი მოსახვევში გზიდან გადავარდა.
ბოჟინოვიჩის თქმით, 11 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - საავადმყოფოში მძიმე დაზიანებების გამო. ასევე, 33-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, ისინი ვარაჟდინსა და ზაგრებში მდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ავტობუსი რეგისტრირებულია ვარშავის მახლობლად მდებარე გროძისკ მაზოვიეცკიში. ავტობუსს მომლოცველი კათოლიკეების ჯგუფი მედჟუგორიეში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გადაჰყავდა.