სტარტაპები საქართველოში უფრო კონკურენტუნარიანი გახდება

გადამზადების ინტენსიური კურსის გავლის საშუალება ექნებათ სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. გლობალური ვენჩურული პლატფორმა 500 Global საქართველოში სტარტაპებს 4 წლის განმავლობაში გადაამზადებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ს შორის ხელი უკვე მოეწერა. პროგრამა ითვალისწინებს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების რვა ეტაპად მომზადებას, მათ შორის საერთაშორისო სტარტაპების.

„საქართველოში პროფესიონალი და გამოცდილი აქსელერატორის მონაწილეობით ადგილობრივ სტარტაპ-კომპანიებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქსელერაციის პროგრამა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი. გარდა ამისა, ყოველი ჯგუფის გამარჯვებული სტარტაპი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
დავითაშვილის თქმით, 500 Global პლატფორმაზე წვდომით საქართველო გახდება სტარტაპ-ეკოსისტემის მხარდაჭერის რეგიონული ცენტრი.
„ამ პროგრამის მხარდამჭერის სახით ჩვენ გვყავს „საქართველოს ბანკი“, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად 5 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. საქართველოში 500 Global-ის გამოჩენით ქვეყანა ხდება რეგიონული ჰაბი სტარტაპ-ეკოსისტემის წასახალისებლად, დასახმარებლად და, მათ შორის, დასაფინანსებლად“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ქართულმა სტარტაპმა OMOFOX 700 ათასი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა>>>
ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორთა დაინტერესებას, შეიქმნება ვენჩურული კაპიტალის ფონდები.
2020-2021 წლების განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა.
მათგან ოთხი ფინალისტი – CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარებას და ინვესტორებთან დაკავშირებას მოიცავდა.
„მათ მოახერხეს 212%-იანი ზრდა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების შექმნა, მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა და, საბოლოოდ, საქართველოში ინოვაციების სფეროში წარმატებული კომპანიები შეიქმნა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის და ამიტომ გადავწყვიტეთ, აქსელერაციის პროგრამა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზადყოფნა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში არსებულ სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.