თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დმიტრი პეტრუშევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა წელს უცხოეთში მარცვლეულის მიწოდების გეგმა შეამციროს, თუმცა შიდა ბაზარს მთლიანად უზრუნველყოფს, იუწყება РИА Новости.
პეტრუშევის თქმით, ამჟამად ყველა ფედერალურ ოლქში მოსავლის აღება ინტენსიურად მიმდინარეობს. დამუშავებულია მინდვრების 27 პროცენტი, აღებულია დაახლოებით 55 მლნ ტონა მარცვლეული. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მთლიანობაში ცუდი მაჩვენებელი არაა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად ნაკლებია.
მოსავლის შესაძლო შემცირება ბევრ რეგიონში ცივი გაზაფხულის გამო მუშაობის დაგვიანებით დაწყებით აიხსნება, ასევე ამინდის პირობებით. ამას გარდა, არსებობს სირთულეები უცხოეთიდან ტექნიკის მოწოდების მხრივ.
„ეს ყველაფერი ერთად ქმნის რისკებს მარცვლეულის მოსავლის 130 მლნ ტონამდე მიღების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარს მთლიანად უზრუნველვყოფთ და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. თუმცა, თუ დაგეგმილ მოცულობას ვერ მივაღწევთ, საექსპორტო გეგმა 50 მილიონ ტონაზე გადაიხედება. ეს მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე შეიძლება უარყოფითად აისახოს“, – განაცხადა პეტრუშევმა.
წელს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 130 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალს პროგნოზირებდა, მათ შორის, რუსეთის ისტორიაში რეკორდულ 87 მლნ ტონა ხორბალს. ამ საერთო მოცულობიდან 50 მლნ ტონა შეიძლება ექსპორტზე გასულიყო.
ქვეყანაში 2021 წელს 120,656 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღეს. აქედან ხორბალი 75,94 მლნ ტონა იყო.
საქართველო რუსული ხორბლის ექსპორტზეა დამოკიდებული. ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის 95% რუსეთიდან არის შემოტანილი.