თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების შესრულების პროცესი, ასე რომ, არანაირი პარალელური ფორმატი საჭირო არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების თავისი გეგმის თაობაზე 1 ივლისს განაცხადა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობას საპარლამენტო კომიტეტებში, რის შემდეგაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები დეპუტატების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.
„შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები საპარლამენტო ფორმატში და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. არავითარი პარალელური ფორმატის ადგილი საქართველოში არ არის. მათ ჯერ ტექნიკური მთავრობა უნდოდათ და ვერ მიაღწიეს, ახლა ტექნიკური პარლამენტის ჩამოყალიბება სცადეს. ეს ვერ იქნება ჩვენი მხრიდან სერიოზულად აღქმული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება არის ერთი და სამუშაო პროცესიც ერთია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას.
პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.
ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნულმა პარტიებმა პარლამენტში ალტერნატიული პროცესი დაიწყეს.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.