საავტომობილო გზას წაღვერიდან ტიმოთესუბნამდე რეაბილიტაცია უტარდება

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაღვერის თემში მდებარეობს.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. მიმდინარეობს წაღვერი–ტიმოთესუბანი–ტაძარის საავტომობილო გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით.
პროექტით გათვალისწინებულია საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლის მოწყობა. ასევე გააგანიერებენ გზის სავალ ნაწილს, მიაერთებენ ადგილობრივ გზებთან და მოსახლეობის ეზოში შესასვლელებს მოაწყობენ.
პროექტის ფარგლებში მონიშნავენ გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და მოხდება შემოფარგვლა.
უწყების ცნობით, განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე კომფორტულ მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მლნ ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.