ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, ის ჯანდაცვის სისტემაშია 1990-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. ნამდვილად ვადასტურებ ამ ცვლილებას და იგი უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან", – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უთანხმოება გახდა.
პირველად აღნიშნული თემა აქტუალური გასული წლის შემოდგომაზე გახდა, როდესაც პრემიერმა მხარი არ დაუჭირა დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. თუმცა, მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.