თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო შვიდ თვეში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ვალუტის ბრუნვის წესების თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში.
გამოვლენილი დარღვევები შეეხება ფაქტებს, როდესაც ფასები გამოხატული იყო დოლარში, ევროში, რუბლსა და სხვა ვალუტებში.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა ავტოსადგურ „ოკრიბაში“, სადაც ტრანსპორტით მომსახურებისთვის ფასი მოთხოვნილი არ იქნა ლარში, ნათქვამია განცხადებაში.
„კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, 5 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კოტე აფხაზის ქუჩაზე „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევა გამოავლინეს. მეწარმე გააფრთხილეს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი მას ჯარიმა ემუქრება.
უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე-სუბიექტებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.