თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია WizzAir-მა პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულება განაახლა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
დღეს პირველი რეისი შესრულდა AIRBUS A320-ის ტიპის თვითმფრინავით. ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა.
პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
WizzAir-მა 1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება, პარიზის გარდა, ტალინის მიმართულებითაც განაახლა.
გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებებით.
2022 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ავიაკომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 232.450 მგზავრს მოემსახურა და ის გადაყვანილი მგზავრების ოდენობით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.