თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში თხილის მკრეფავებმა შრომის ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, 1 კგ თხილის მოგროვებასა და ჩასაბარებელ პუნქტამდე მიტანაში კომპანია „აგრი-ჯორჯია” 50 თეთრს იხდის. ისინი ანაზღაურების 20 თეთრით მომატებას მოითხოვენ.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მუშებისთვის ტარიფები წინასწარ იყო ცნობილი და შრომის ანაზღაურებაზე ფასების მომატება არ იგეგმება. პროტესტის ნიშნად 400-მდე მუშამ დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე.
აქციის მონაწილეები კომპანია „აგრი-ჯორჯიასთან" არიან შეკრებილი და ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
„აგრი-ჯორჯიას” ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში 50 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია აქვს გაშენებული.