თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი უკვე მოიწონა ევროკომისიამ და ჩვენს კანონში მის ყველა ძირითად პრინციპს გამოვიყენებთ ქართული რეალობების გათვალისწინებით, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
სამუშაო ჯგუფი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის სამუშაო ვარიანტად უკრაინული კანონის მოდელს განიხილავს, რომელიც ამ გაზაფხულზე ამოქმედდა. უკრაინას, რომელმაც, საქართველოსგან განსხვავებით, მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა, დაიწყოს ამ კანონის შესრულება.
„ავიღეთ ის მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც (უკრაინაში) არის მოწოდება ევროკომისიის მხრიდან. რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი სპეკულაციები, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აღარ დაელოდება ვენეციის კომისიის თანხმობას ამ კანონის მისაღებად, რადგან კომისიამ ეს ვარიანტი უკრაინის ხელისუფლებისგან მიიღო.
„კონტექსტი და პრინციპები ყველგან იგივეა, როცა საუბარია გარკვეული გავლენების შესუსტებასა და რისკების პრევენციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინას გაგზავნილი აქვს ვენეციის კომისიაში, ჩვენგან მეორედ იგივე მოდელის გაგზავნა სწორი არ არის. ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ისეთი საკითხები შევიტანეთ, რომელიც ვენეციის კომისიისთვის თუ ევროკომისიისთვის არ იქნება მისაღები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველი პარტიის გეგმის მიხედვით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტში ინიციატივის სახით 5 ოქტომბრამდე შევა და 29 ნოემბრამდე დამტკიცდება.