COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორი იქნება საქართველოში კორონავირუსის მორიგი ტალღა?

სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით, წინამორბედების მსგავსად ძლიერი არ იქნება, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების რისკები არსებობს, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 11.802 შემთხვევა გამოვლინდა.

„არის ზღვის სეზონი, რაც ნიშნავს მობილობის გაზრდას, ამიტომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვას. არის რისკები იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, განსაკუთრებით შემოდგომაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალი ტალღა არ იქნება მძიმე მიმდინარეობის“, – განაცხადა გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მიუხედავად კოვიდის შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, აღნიშნა სპეციალისტმა.
ინფიცირების შემთხვევების გაზრდას სპეციალისტები „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპებს - В.А.4-ს და В.А.5-ს უკავშირებენ. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.
სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.698.020 ​​შემთხვევა, გარდაიცვალა 16.869. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 15,47 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.