თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
მმართველმა პარტიამ 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საპარლამენტო კომისიებში შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობას.
„ვინაიდან 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განსაზღვრულია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, ამიტომ თითოეულ მიმართულებას ექნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილია ყველა დაინტერესებული სუბიექტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სულ იქნება ხუთი სამუშაო ჯგუფი, მათ შორის: დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.
სამუშაო ჯგუფებში შევლენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები.
თავიდან ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობდა. მმართველ პარტიასთან ერთად მასში მონაწილეობდნენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების - „გირჩი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული სოციალისტები“ - წარმომადგენლები.
ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.