თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. გარდაბნის კომბინირებული ტიპის ელექტროსადგური დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა თბოელექტროსადგურ „გარდაბანი-2“-ში ვიზიტის დროს.
ჩიქოვანი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკას კორპორაციის დირექტორებთან და თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად გაეცნო.
„ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე თბოსადგური საქართველოში მხოლოდ ორია. „გარდაბანი 2“-ის როლი ენერგოსექტორში უზარმაზარია და, დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ჩვენი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა თბოსადგურის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ 2020 წლის მარტიდან მუშაობს. ის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation ააშენა. ინვესტიციის მოცულობამ 180 მლნ დოლარი შეადგინა.
თბოელექტროსადგური სარგებლობს ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციით, რაც ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ეს უნიკალური ფუნქცია საქართველოში მხოლოდ „გარდაბანი-2“-ს გააჩნია.
თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარს, ის უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.
გარდაბნის თბოსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. ეს კომპანია გაზისა და ორთქლის თანამედროვე ტიპის ტურბინების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.
თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. ახლა ელექტროსადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად იზრდება, რასთან დაკავშირებითაც მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული თბოელექტროსადგურების მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანამ 7,1 მლრდ კვტ/სთ საკუთარი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარებამ 7,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით მეტია.
პირველი კომბინირებული ტიპის თბოელექტროსადგური 237 მგვტ დადგმული სიმძლავრით 2015 წელს ამოქმედდა. მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 25 წელიწადს, მოსალოდნელი წლიური გამომუშავება – 1,6 მლრდ კვ/სთ-ს. სადგური ააშენა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ Calik Enerji. მშენებლობისთვის დაიხარჯა 231 მლნ დოლარი.
თბოელექტროსადგური აღჭურვილია გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. კომბინირებული ტიპის ელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია და შეადგენს 58%-ს. თბოელექტროსადგური ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა, ვინაიდან გაცილებით ნაკლებ სათბურ გაზებს გამოყოფს.