თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური „ნაპოლის“ რიგებში მეხუთე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
ლუჩანო სპალეტის მიერ გაწვრთნილმა „ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კვარაცხელიამ წინა ტესტ-მატჩზე მიღებული მსუბუქი ტრავმის გამო „ჟირონასთან“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მოულოდნელად უკვე მატჩის 24-ე წუთზე მინდორზე გასვლა მოუწია მატეო პოლიტანოს ტრავმის გამო.
ქართველი ლეგიონერი მეტოქის კარს რამდენჯერმე დაემუქრა, თუმცა მისმა სახიფათო შეტევებმა შედეგი მხოლოდ 79-ე წუთზე გამოიღო. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან ერთ-ერთი შეჯახების დროს მოედნიდან 91-ე წუთზე გაიყვანეს. საერთო ჯამში, მინდვრის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტი დრო სწორედ ქართველ ლეგიონერს მიეცა.
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 5 ამხანაგური მატჩი ითამაშა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს, 15-ში კი გუნდი „ვერონასთან“ მატჩით იტალიის სერია A-ს დაიწყებს.