თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ტურისტების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ზოგიერთი პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა.
„ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და ამ კუთხითაც უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია. რეალურად ერთი პროცენტიც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 ათასი ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა დაფუძნებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ კამპანიის ნაწილია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაც ქვეყანაში რუსების მიერ კომპანიების გახსნის რაოდენობის ზრდის შესახებ.
„მათი მიზანი არის ერთადაერთი – როგორმე ხელი შეუწყონ ომის ვითარების გაღვივებას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ქვეყანას 2022 წლის იანვარი–ივნისში 247 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, ეს 463,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემი, თუმცა ეს სამჯერ ნაკლებია (64,3%-ით), ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გუშინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება.
ასეთ დასკვნამდე კვლევის ავტორები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეადარეს 2022 წლის იანვარი–ივნისის მონაცემები გასული წლების მონაცემებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების, რუსი ტურისტების, ფულადი გადარიცხვების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რუსული კომპანიების საქართველოში დარეგისტრირების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამას, თითქოს საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული და დასავლეთს შორდება, ანტისამთავრობო კამპანიის ნაწილი უწოდა.