თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენ არის მიმართული, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარი სხვა პარტიებმაც დაუჭირეს, მათ შორის „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორმა პრეზიდენტისა და მთავრობის მისამართით პეტიცია შეადგინა, რომელსაც უკვე 12 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის ავტორი გიორგი იმედაშვილია.
„ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციონერები დაინტერესებული არიან საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციით.
ოხანაშვილმა ოპონენტებს შეახსენა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ყოფილმა ხელისუფლებამ, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა.
„ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, რომ არ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის თაობაზე, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას.
2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოს რუსეთის 247,1 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 463,7%-ით მეტია 2021 წლის პირველ ნახევრის მონაცემებზე და 64,3%-ით ნაკლებია პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე.
გუშინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.
ასეთ დასკვნამდე კვლევის ავტორები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეადარეს 2022 წლის იანვარი–ივნისის მონაცემები გასული წლების მონაცემებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების, რუსი ტურისტების, ფულადი გადარიცხვების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რუსული კომპანიების საქართველოში დარეგისტრირების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამას ანტისამთავრობო კამპანიის ნაწილი უწოდა – თითქოს საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული და დასავლეთს შორდება.