უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივლისის მონაცემები

ივლისში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვისა და რეალიზაციის 252 ფაქტი გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 15 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 36 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქო ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი პირების მიმართ 167 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
საქმის მასალები ხუთ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 80 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.