ვის წარადგენენ სახალხო დამცველის პოსტზე? პარლამენტში კონსულტაციები იწყება

საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს იწურება.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევის პროცედურის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ პარლამენტში 80 წარმომადგენელი ჰყავს. ამასთან, მმართველ პარტიაში, რომლის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველს, ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად, მხოლოდ ოპოზიციასთან კონსენსუსის შედეგად აირჩევენ, უკვე დაიწყო კონსულტაციები კანდიდატთან დაკავშირებით.
დავით სერგეენკო
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეასრულებს ამ რთულ და საპატიო მოვალეობებს. კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია, აღნიშნა მან.
ამავე დროს, „ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პირობების შესრულების გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მმართველი ძალა 1 სექტემბრამდე წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ ერთობლივ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ისეთი პირის წარდგენას, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
ამავდროულად დავით სერგეენკომ არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ მექანიზმის შემუშავებამდე წინასწარ არჩევს კანდიდატებს.

ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ მმართველ პარტიაში წყაროს მეშვეობით გამოარკვია, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე განიხილავს ომბუდსმენის აპარატის ყოფილ თანამშრომელს, ამჟამად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს. მმართველ პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ალუდა ღუდუშაურის თქმით, ეს ინფორმაცია არასწორია და ეს არა იმიტომ, რომ ამ კანდიდატს პრობლემები აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არამედ იმიტომ, რომ კანდიდატურებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
ამავე დროს, „ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ პარტია რამდენიმე კანდიდატს განიხილავს.
ალტერნატივა მზადდება
თავიანთი კანდიდატების წარდგენას აპირებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„ხუთი წლის წინ „ქართული ოცნება" თანახმა იყო მოდელზე, რომ არასამთავრობო სექტორს წარედგინა კანდიდატები. შეიძლება წელს ამაზე უარი თქვან, თუმცა ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ კანდიდატების შერჩევის ჯანსაღ, ღია პროცესს, სადაც ჩვენ მიერ წარდგენილი კანდიდატები იქნებიან კვალიფიციური და დამოუკიდებელი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ლიდერმა ბაია პატარაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში უკვე დაიწყეს კონსულტაციები ოპოზიციასთან კრიტერიუმების შერჩევასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი ისევ „ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი გახდა>>
„კონსულტაციების დასრულებისთანავე ჩვენ წარმოგიდგენთ მთლიანად არასამთავრობო სექტორის ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია კანდიდატების შერჩევა და წარდგენა პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი და კვალიფიციური ომბუდსმენის არჩევა“, – განაცხადა პატარაიამ.
ვინ ემხრობა არასამთავრობო ორგანიზაციას?
ოპოზიციის ნაწილმა მხარი უკვე დაუჭირა არასამთავრობო სექტორის პოზიციას.

„ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით უფრო და უფრო დაუახლოვდა პოზიციები ერთმანეთს. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ ინსტიტუციური გაძლიერება ომბუდსმენის“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მან არ გამორიცხა, რომ მმართველი პარტია თავისი კანდიდატის გაყვანას შეეცდება.
„ქართული ოცნება“ შეეცდება ყველაფერს. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა: 90 ხმა სჭირდება ომბუდსმენის არჩევას, თუ სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგ იქნება ვინმე ოპოზიციიდან და უვსებს 90 ხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფაქტობრივად გადადის „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვინ არის სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს ნინო ლომჯარიამდე ექვსი სახალხო დამცველი ჰყავდა: დავიდ სალარიძე, ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ტუღუში და უჩა ნანუაშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველი ხუთი წლის ვადით აირჩევა.