თქვენი პოლიტიკური თავდებობით: წერილი ევროპის ლიდერებს სააკაშვილთან დაკავშირებით

ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ინვალიდობის გაჩენის რისკი.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კლინიკათა ასოციაციის დამფუძნებელმა ვილი პაჭკორიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპარლამენტის ხელმძღვანელს რობერტა მეცოლას თხოვნით მიმართა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ, რათა მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა შეძლოს.
პატიმრობამისჯილ საქართველოს ექს-პრეზიდენტს 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობენ. სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ მას საქართველოში არასათანადოდ მკურნალობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ამიტომ მისი საზღვარგარეთ გაგზავნაა საჭირო.

„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მატულობს პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში რისკები. გთხოვთ გახდეთ გარანტორი, რომ იგი თქვენი პოლიტიკური თავდებობის ქვეშ, ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანილი იქნას ევროპის ან ამერიკის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ“, – ნათქვამია პაჭკორიას წერილში.

პაჭკორია ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ინვალიდობის წარმოქმნის რისკი.
„საქართველოს სახალხო დამცველის და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნების თანახმად: პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუდგინდა 14 სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დიდია რისკი – ჩამოყალიბდეს კორსაკოვის სინდრომი, რაც გამოიწვევს პაციენტის სამუდამო ინვალიდიზაციას“, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატი: ხელისუფლებამ სააკაშვილთან გარიგება დადო>>
პაჭკორია მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური სტრესითა და პოლიორგანული ფუნქციის დარღვევით გართულებული პაციენტის საქართველოში მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია – შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო.
„მისი სრულფასოვანი მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთ“, – აღნიშნავს წერილის ავტორი.
სააკაშვილი სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეებზე. განაჩენი მას დაუსწრებლად შეეფარდა.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ სამ საქმეს განიხილავს – საზღვრის უკანონო გადაკვეთის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ.
სააკაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის და „ნაცმოძრაობიდანაც“: ადვოკატის განცხადება>>
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი ის თბილისში დააკავეს. ის სამშობლოში რვა წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, რათა მხარი დაეჭირა წარსულში მის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა. ექს-პრეზიდენტის მიერ ქართული პოლიტიკიდან წასვლისა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ადვოკატის თქმით, მისი სიცოცხლის გადარჩენა და შენარჩუნებაა.