რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა

ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მარეგულირებელი მონეტარული პოლიტიკის უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
2022 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 11,5% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.

„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აღნიშნავს მარეგულირებელი.

თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩატარდება.