თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ჯილეხის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტოში შევიდა ინფორმაცია ზემო ყარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი დაავადება ჯილეხი დადასტურდა.
„ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის” შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ზემო ყარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. კერძოდ, შეიზღუდა საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილება, ცხოველების ბაზრობების მოწყობა, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარება და რეალიზაცია.
ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.
საქართველოში რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ.