თბილისში შალვა ძნელაძის გამოფენა იმართება

მხატვარმა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. XX საუკუნის ქართველი ავანგარდისტი ფერმწერის შალვა ძნელაძის ნამუშევრების გამოფენა თბილისში 2 აგვისტოს გაიხსნება.
თბილისის საკრებულოს შენობის ფოიეში ექსპოზიცია 19:00 საათზე გაიხსნება.
შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. იგი სწავლობდა თბილისში ნატიფ ხელოვნებათა ხელშეწმყობი კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1917 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში საშუალო სკოლებში.
მხატვარი ავტორია ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშით ან აკვარელით შესრულებული მცირე ზომის ნახატებისა. მისი შემოქმედების მთავარი თემაა გურიის ყოფა.
შალვა ძნელაძის ნამუშევარი
შალვა ძნელაძეს კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენლები – ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. წლების განმავლობაში მისი შემოქმედება ფაქტობრივად დავიწყებას მიეცა.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი მძიმე ავადმყოფობისგან 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 700-მდე ექსპონატი) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში.
მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.
მისი ნამუშევრები „აჯანყებულთა ხელში“ (1926), „ხევსურის სიკვდილი“ (1928), „აჯანყებულთა ფიცი“ (1932), „კრიმანჭული“, „ჯანყი გურიაში“ (1934) დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში.