თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ 30 ივლისს ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად მათ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას" მეთაური აიმან აზ-ზავაჰირი მოკლეს. ის დაჯგუფებას უსამა ბინ ლადენის შემდეგ ხელმძღვანელობდა.
ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე გააცნო, იუწყება РИА Новости.
„აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით შეერთებულმა შტატებმა კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა ქაბულში. ოპერაცია მიმართული იყო „ალ-ქაიდას" ლიდერის წინააღმდეგ და ამის შედეგად ის განადგურებულია", – განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ლიკვიდირებული პირია აიმან აზ-ზავაჰირი, რომელიც წარსულში უსამა ბენ ლადენის მოადგილე იყო. "ნომერ პირველი ტერორისტის" მკვლელობის შემდეგ 2011 წელს დაჯგუფებას სათავეში აზ-ზავაჰირი ჩაუდგა, განაცხადა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.
მისი თქმით, დარტყმა იმ სახლს, რომელშიც ბოევიკი იმყოფებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მიაყენეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონს „თალიბანისთვის“ ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით, აშშ-ს საკუთარი წყაროებისა და სადაზვერვო მონაცემების იმედი ჰქონდა, რომელთა წყალობით ამერიკის ხელისუფლებამ „წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს".
სამოქალაქო პირების ან ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანების შესახებ საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს თავად ტერორისტის გარდა არავინ დაზიანებულა.