თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
ამასთან, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას 150 ლარის ნაცვლად 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი 135 ლარი (ნაცვლად 90 ლარისა).
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარის ნაცვლად 255 ლარი ეღირება.
სარიტუალო მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანის დღესვე.
დღეისათვის თბილისში სამი სარიტუალო სახლი მოქმედებს, ხოლო რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში – თითო-თითო. აღსანიშნავია, რომ ქორწინების რეგისტრირება იუსტიციის სახლებში რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.