რა იცვლება საფრანგეთში მოგზაურებისთვის 1 აგვისტოდან

დღეიდან საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთისა და საქართველოს საზღვრებზე COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვითი ზომები უქმდება, იუწყება საქართველოში საფრანგეთის საელჩო.
უწყებიც ცნობით, 2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა.
კერძოდ:
მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე;
აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა;
აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;
აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება, აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.
რაც შეეხება მოგზაურობას საქართველოს მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.

„2022 წლის 15 ივნისიდან, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან“, - აღნიშნავს საელჩო.

უწყების ცნობით, ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში.