ეს სპეკულაციაა - აზარაშვილი უკრაინული ოჯახების დახმარების საკითხზე

ესაა სპეკულაცია, თითქოს ლტოლვილებს ქუჩაში ვტოვებთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ნებისმიერი სპეკულაცია და საკითხის პოლიტიკურ თემატიკაზე გადაყვანის მცდელობა მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულებაზე.
თბილისში რუსულ–უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს დამთავრდა. ამიერიდან თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას გაუწევენ. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ერთ ადამიანზე 45 ლარს გასცემენ.
აზარაშვილმა განმარტა, თუ რატომ დაადგინა მთავრობამ მათთვის სწორედ ასეთი დახმარება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინელი დევნილები ამჟამად ბევრ სხვადასხვა სახელმწიფოში იმყოფებიან და გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველო ამ ქვეყნების პრაქტიკას გაეცნო. უფრო მეტიც, აირჩიეს დახმარების პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რომელსაც დაახლოებით 300 ათასი იძულებით გადაადგილებული იღებს საქართველოში.

„სპეკულაცია და საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების დიდმა ნაწილმა დატოვა სასტუმროები და უკვე მიიღო დახმარება.
აზარაშვილის თქმით, სპეკულაციაა, თითქოს ისინი ლტოლვილებს ქუჩაში ტოვებენ. ეს ასე არ არის. „ამ თანხების ფარგლებში ჩვენი მხრიდან ხდება ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონში“, – აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება უფასო მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი თბილისში, ძალაში რჩება უფასო მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების, ხელოვნებისა და სპორტული სკოლების მომსახურება.
უფრო ადრე პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინულ ოჯახებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ.