თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. პარაპლანის პილოტი, რომელიც 29 ივლისს გუდაურთან კლდეს შეეჯახა და გადარჩა, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტს მრავალი დაზიანება აქვს, მათ შორის მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია. ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება“,— განმარტა რატიანმა.
არსებული ინფორმაციით, პილოტი, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ პარაპლანის ინსტრუქტორს თან ახლდა უცხოელი მოქალაქე, რომელიც ინციდენტს ემსხვერპლა.
პარაპლანი 29 ივლისს შეეჯახა კლდეს გუდაურთან და ხევში ჩავარდა. მათ ამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.