თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ცოლ-შვილი 17 წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული და ამ ხნის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდა, იუწყება G1 Globo.
შემთხვევა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო და დასახელებულ მისამართზე მივიდა. ადგილზე მათ ჯაჭვებით დაბმული ქალი და ორი ვაჟი აღმოაჩინეს, რომლებიც გარეგნულად ათიოდე წლის ბავშვებს ჰგავდნენ, თუმცა სინამდვილეში 19 და 22 წლისანი იყვნენ.
როგორც ირკვევა, დაკავებული ლუის ანტონიო სანტოს სილვა 17 წლის განმავლობაში შვილებს არც სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა და არც სწავლისა, რეგულარულად სცემდა ცოლსაც და მათაც ხისა თუ რკინის ჯოხებით, თითქმის არ აჭმევდა და წყალსაც იშვიათად აძლევდა. ხოლო იმისათვის, რომ მათი ყვირილის ხმა ჩაეხშო, მუსიკას რთავდა ხმამაღლა. ამის გამო მეზობლებმა მეტსახელად „დიჯეი“ შეარქვეს.
როგორც ქალმა უთხრა პოლიციას, ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაქცევას განიზრახავდა.
ამ დროისათვის დედა და ორი შვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ხოლო პოლიცია დამატებით ინფორმაციას იძიებს იმის შესახებ, აქვს თუ არა ჩადენილი სილვას სხვა დანაშაულებიც.
წყარო: G1 Globo