თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. გუდაურთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძრიდან გაასვენებენ, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
29 ივლისს გუდაურთან ჩამოვარდა და აფეთქდა ვერტმფრენი, რომელიც კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
„ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წმ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამშაბათს, 14:00 საათზე, სამებიდან გაასვენებენ და სამთავისის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ მეუფე დამიანეს, რომელიც 30 ივლისს მარფტყოფთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც", - აღნიშნულია საპატრიაქროს გვერდზე.
საპატრიარქო ასევე იუწყება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება.
მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას 2 აგვისტოს აღნიშნავს.