თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გუნდურ შეჯირებაში მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ერთეულებში გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) და დავით ლომიტაშვილმა (55კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს. ნაკრებმა კი ვაჟთა ძიუდოს შეჯიბრზე ექვსი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ გიორგი ბადუაშვილი (100კგ), დავით ქარელი, თორნიკე მოსიაშვილი, არჩილ მამულაშვილი. გოგონათა ტურნირზე მესამე ადგილზე ნინო გულბანი გავიდა.
კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3.000-ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს.
საქართველოდან ფესტივალში 28 სპორტსმენი მონაწილეობს შვიდ სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში.