თეა კურტანიძე ქართული სუფრის სუვენირებზე წლებია მუშაობს. 2017 წელს მან დააპატენტა ნივთები, რომლებიც ჩვენში და ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის გამორჩეულია ხინკლის ფორმის საპილპილე და სამარილე.
2018 წელს მისი ნაწარმი ქართული სუვენირების ყველაზე მრავალმხრივი ასორტიმენტის მწარმოებლის სტატუსით "თეას ტრადიციული სუვენირების" სახელით kar.ge-ს ინტერნეტ- და ჟურნალის კატალოგში შევიდა.
თეა კურტანიძის საავტორო ნამუშევარი ხინკლის ფორმის სამარილე და საპილპილე
- ქალბატონო თეა, როდის დაიწყეთ სუვენირების შექმნა?
- ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც განახლებულ მცხეთაში სუვენირების მაღაზია გავხსენი. სურვილი მქონდა, რომ ქართული სუვენირების წარმოება დამეწყო. 2017 წელს დავაპატენტე ხინკლის ფორმის საპილპილე და სამარილე. ამ ნივთებმა მალე ცნობადობა და ფინანსური შემოსავალი მომიტანა. დროთა განმავლობაში ჩემი კომპანია ART FOR YOU დაიხვეწა და მისი ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდა.
- დღეს რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებთ და სად ხდება მათი რეალიზაცია?
- ჩემი პროდუქციის 37 სახეობა ექსკლუზიურად შედის სუპერმარკეტ „ნიკორას" ყველა ტურისტულ ზონაში მდებარე მაღაზიაში. ასევე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელშიც. მას დაემატა ახალი ხაზი AMULET, რომელშიც ჩემ მიერ ნატურალური ქვებისგან შექმნილი აქსესუარები, ჩანთები და ფეხსაცმელია.
- უმაღლესი სამხატვრო განათლება არ გაქვთ მიღებული?
- არა, არ მაქვს. ყოფილი პუშკინის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. მიხარია, რომ ჩემი სამივე ბავშვი ხატავს, მაგრამ მათ შენიშვნებს არ ვაძლევ და იმასაც არ ვუთითებ, რა ფერი უნდა შეარჩიონ. ამ ასაკის ბავშვებისთვის ეს არტ-თერაპიაა, ამიტომ მირჩევნია ისიამოვნონ, ვიდრე რაღაც შექმნან. მომავალში თუ სურვილი გაუჩნდებათ, ჩემ საქმიანობაში ისინიც შემომიერთდებიან.
- თქვენი პროდუქცია კორეაშიც იხილეს...
- დიახ, 2019 წელს კორეაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ფერმენტირებული პროდუქციის გამოფენაზე kar.ge-მ რამდენიმე ათეულ ქართულ პროდუქციასთან ერთად "თეას ტრადიციული სუვენირებიც" წარადგინა. ამის შემდეგ რამდენიმე სერიოზული წინადადება მივიღე. ასევე გადავწყვიტე, რომ ქართული ანბანი და ჩვენი ქვეყნის ხედები სასაჩუქრე სანთლებზეც გადამეტანა. საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და უცხოელი ტურისტის ყურადღებაც მიიქცია. სხვათა შორის, რასაც დიდ ფასებს ვადებ ხოლმე, ყველაფერი იყიდება.
- რაზე გწყდებათ გული?
- რაზე მწყდება გული, იცით? ერთი ნამუშევრის მაგალითზე მოგიყვებით, მასზე ბევრი არ მიშრომია. ეს იყო 50 სმ დიამეტრის ხის დაფა, რომელსაც ბაზრობაზე წავაწყდი. როცა ეს დაფა სახლში მოვიტანე, სავარაუდოდ, უკვე ერთ საათში მონახაზი გაკეთებული მქონდა. სხვათა შორის, ის ნამუშევარი ებრაელებს ძალიან მოსწონდათ, ამბობდნენ, რომ თბილისი აქ იერუსალიმს ჰგავსო. მისი გაყიდვა არც მინდოდა, უბრალოდ სახლში ადგილი აღარ მქონდა და სხვა ნახატებთან ერთად მაღაზიაში წავიღე. ჰოდა, ამ ჩვეულებრივ ხის დაგრუნტულ დაფაზე აკრილში და გუაშში თბილისია გამოსახული. ამ ნამუშევარს 2600 ლარი დავადე, რომ... არ გაყიდულიყო.
- და საბოლოოდ გამოუჩნდა მყიდველი?
- გამოუჩნდა! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ ფასში მას ვინმე თუ შეიძენდა. იმ დღეს სხვა დავტოვე მაღაზიაში, მალე დამირეკეს და მითხრეს, რომ უცხოელი ცოლ-ქმარია მოსული და 2000 ლარად უნდათ ეს ნახატიო. ეს რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი. ბოლოს, თურმე, ცოლმა გადააფიქრებინა მეუღლეს. მეორე ამბავი შარშან, ზაფხულში მოხდა. მე წასული ვიყავი და თანამშრომელმა დამირეკა, ერთი კაცია მოსული და მეუბნება, ქეშად მაქვს 2000 ლარი, თუ ამ ფასად ნახატს მომყიდით, წავიღებო. მეც თანხმობა ვუთხარი.
- როგორც ჩანს, მიუხედავად მაღალი ფასისა, თქვენი ნაწარმი მაინც იყიდება, რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
- ერთხელ მაღაზიაში ორი ქართველი ბიჭი იყო შემოსული. დაათვალიერეს ყველაფერი და ბოლოს მეკითხებიან, ამ თეფშს ფასი აწერია თუ კოდიო. საუბარია 520 ლარზე. მე ვუთხარი, ფასი აწერია–მეთქი. განვმარტავ, რომ 520 საერთოდ ფინანსური კოდია. მათ სიცილი დაიწყეს. მოდი, ამ თეფშთან ფოტო გადამიღე, ნეტა ვინ დახატაო. არ მქონდა მათი თავი და არც მითქვამს, რომ ავტორი მე ვარ. ამ დროს მაღაზიაში რუსი ეროვნების მამაკაცი შემოვიდა და იმავე ნახატის ფასი მკითხა. მასაც ვუპასუხე, 520 ღირს–მეთქი. უცებ შეტრიალდა, ჯიბეები ამოიქექა, ამოიღო ფული და მეკითხება, ამ თანხაში მომივაო? ის ბიჭები უხერხულად შეიშმუშნენ. იმ კაცს ჯიბეში 450 ლარი აღმოაჩნდა. 50 ლარი უკან დავუბრუნე და ვუთხარი, ოთხასად მოგცემ–მეთქი და ასეც მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ უცხოელებს საქართველოდან ლამაზ მოგონებებთან ერთად ჩემ მიერ შექმნილი სუვენირებიც მიაქვთ...
ნინო მამულაშვილი