მდინარე სუფსაში სატვირთო გადავარდა: ცნობილია მიზეზი

მძღოლი მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა, რომელიც ფოთიდან ბათუმისკენ მიდიოდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა გრიგოლეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა მდინარეში, საიდანაც მეთევზეებმა და დროულად გამოცხადებულმა მაშველებმა ამოიყვანეს.
როგორც თავად სატვირთოს მძღოლი ალექსი მაისურაძე ამბობს, მის წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან მანევრირება სცადა, რომ სხვა ავტომობილებს არ შეჯახებოდა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა.
„ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. სხვა გზა არ მქონდა, დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი, სამაშველოც მაშინვე მოვიდა, არ დაუგვიანებიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო, მაგრამ ადამიანს ფარავდა. მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ“, — განაცხადა მძღოლმა.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირვებია.
მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.