თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თურქეთი ტვირთების თურქეთი–აზერბაიჯანი–ყაზახეთის დერეფნით გადასაზიდად საქართველოს გამოყენებას აპირებს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე და კასპიის ზღვის გავლით აღმოსავლეთი–დასავლეთის შუა დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში უკიდურესად გართულდა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით საქონლის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვინდა ეს პროცესი მაქსიმალურად სასარგებლო, მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ, და აქტიურად ჩავრთოთ საქართველო ამ პროცესში. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება და მუშაობის გააქტიურება", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ამასთან, მან დასძინა, რომ მომავალ შეხვედრაზე თურქეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ცენტრალური აზიის მიმართულებით ტვირთების გადაადგილების მექანიზმს და ამ საკითხში საქართველოს როლს განიხილავენ.